RSS

ფეხბურთის ფედერაცია კალაძის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას არ გეგმავს

 22 დეკემბერი 17:26

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კახი კალაძისთვის ნაკრებიდან წასვლის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარება ამ დროისთვის არ განიხილება. ამის შესახებ "ჯეონიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა თათია ბურდულმა განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სფფ-ში საუბარი არ ყოფილა.

 "ამ ეტაპზე წლის შეჯამებას ვაკეთებთ და დროც არ გვაქვს, სავარაუდოდ, ფედერაცია რაიმე სახის ღონისძიებას გააკეთებს. კახა ფეხბურთიდან საერთოდ არ წასულა, მან ეროვნულ ნაკრებზე თქვა უარი. თუმცა, ფედერაცია ძალიან აფასებს მის ღვაწლს," - აღნიშნა თათია ბურდულმა.

"ჯეონიუსი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რეზი არველაძეს დაუკავშირდა.

 არველაძის თქმით, მატჩის ჩატარებას ფედერაცია ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს და ეს თავად კალაძესთან შეთანხმების შედეგად უნდა მოხდეს.

 შეგახსენებთ, რომ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება კახა კალაძემ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა.

 33 წლის კახა კალაძის სანაკრებო კარიერა 1996 წლის 27 მარტს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან შედგა. მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ 1998, 2002, 2006 და 2010 წლის მსოფლიოსა და 2000, 2004 და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში. კალაძის ოფიციალური დებიუტი 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ 1997 წლის 14 ივნისს შედგა. კახა კალაძემ თავისი სადებიუტო გოლი ნაკრებში 2008 წლის 6 თებერვალს, ლატვიელებთან 3-1 წაგებულ თამაშში გაიტანა. 2009 წლის 5 სექტემბერს კი იტალიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა. ამ მატჩს მან ტავის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე მჩიმე უწოდა და გულსემატკივრრებს ბოდიშიც მოუხდა. იგი ნაკრებიდან წასვლამდე ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო.

 კახა კალაძეს ეროვნულ ნაკრებში სულ 83 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი. იგი ამჟამად იტალიურ კლუბ "ჯენოაში" ასპარეზობს, სადაც 32 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. კალაძემ თავისი სპორტული კარიერის საუკეთესო წლები "მილანში" გაატარა, სადაც 9 წლის განმავლობაში 194 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. მანამდე ის თბილისისა და კიევის "დონამოებში" გამოდიოდა.

 კახა კალაძეს "მილანთან" ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, იტალიის სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა