RSS

უკრაინაU17 – საქართველოU17 2:0 (0:0)

 28 იანვარი 00:42

 საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალი უკრაინელ თანატოლებთან დათმო და რვა გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

უკრაინაU17 – საქართველოU17 2:0 (0:0)

უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, ხარატინი, ტკაჩუკი, ტანკოვსკი, ტიშჩენკო (ზავისკი), ვეტროვი (მირანიანი), სობოლი, ბილონოგი, ლაზაროვიჩი

მთ.მწვრთნელი - ალექსანდრ პეტრაკოვი

საქართველო: ადამია, გაბაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), გოროზია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, ცინცაძე, ახვლედიანი, წილოსანი (დარციმელია 65), მესხი (პაპუნაშვილი 41), ჯიქია

მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

გოლები: ტკაჩუკი (48), ზავიცკი (78)

გაფრთხილება: სობოლი, ტანკოვსკი, ახვლედიანი

მსაჯი: დმიტრი დოილი (ბელორუსი)

ფინალური მატჩი ძალიან მძიმე და დაძაბული გამოდგა. პირველივე წუთებიდან, ჩვენი მეტოქე მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა, ჩვენი ნაკრების დაცვის ხაზის კონცენტრირებული და სწორი თამაშის წყალობით, კარამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.

პირველად კი, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა „უკბინეს“ მეტოქეს. ახვლედიანის შესანიშნავი პასის შემდეგ, უკრაინელთა მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა დავით ჯიქია, რომელმაც ძლიერად დაარტყა და გოლკიპერმა ბურთის მოგერიება ფეხით მოახერხა. ასეთი ასპროცენტიანი მომენტი, სამწუხაროდ, მეტი აღარ გვქონია, არადა, ეს ბურთი რომ გასულიყო, შესაძლოა, მატჩი სულ სხვა სცენარით განვითარებულიყო. ამის შემდეგ, უკრაინელებმაც დაარტყეს მწვავედ ჩვენი კარის მიმართულებით, თუმცა, ააცილეს.

თამაში, ძირითადად, მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ტანმაღალი უკრაინელები საჰაერო ორთაბრძოლებისას და უფრო მეტად გუნდური თამაშით გამოირჩეოდნენ. ტექნიკურად კი, არამხოლოდ ამ მატჩში, ტურნირის მონაწილე გუნდებს შორის, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ერთი თავით აღემატებოდა ყველას.

მეტოქემ ანგარიში 48-ე წუთზე გახსნა. საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ტკაჩუკმა თავით გადაგზავნა ბურთი ადამიას კარში.

მოედანზე პაპუნაშვილისა და დარციმელიას გამოსვლის შემდეგ, თითქოს უფრო მწვავე გახდა ჩვენი გუნდის თამაში, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში ან სიზუსტე აკლდა ქართველი ფეხბურთელების დარტყმულს, ან კიდევ უკრაინელთა მეკარის ნადავლი ხდებოდა.

მატჩის მიწურულს კი, მთელი გუნდით შეტევაში წასულ ქართველებს კონტრშეტევა გაეპარათ. ცენტრიდან წაღებული ბურთით, საჯარიმოში ბილონოგი შევიდა და დაარტყა; ადამიამ დარტყმა კი მოიგერია, თუმცა, დამატებაზე ტარას ზავისკიმ ყველას დაასწრო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 უკრაინელთა სასარგებლოდ და მინსკის ახალგაზრდული ტურნირის თასიც მათ დარჩათ.

მატჩის შემდეგ, ტურნირის დახურვისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. გუნდების დაჯილდოებამდე, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოავლინეს. ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა ბელგიელი ლუკა პირარი. საუკეთესო მცველი - სტეპან რებენკო (რუსეთი); საუკეთესო ნახევარმცველად საქართველოს ნაკრების 8 ნომერი - გიორგი პაპუნაშვილი აღიარეს; საუკეთესო თავდამსხმელად - ბელორუსი გლებ რასადკინი. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინელი ვიაჩესლავ ტანკოვსკი დაასახელეს. საუკეთესო ბომბარდირები კი, ჩემპიონი გუნდის ფორვარდი - დმიტრო ბელონოგი და საქართველოს ნაკრების შემტევი - დავით ჯიქია გახდნენ 4-4 გატანილი ბურთით.

საბოლოოდ, რვაგუნდა ტურნირზე ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:

მატჩი მე-7 ადგილისთვის - ლატვია 1:2 ფინეთი

მატჩი მე-5 ადგილისთვის - ბელორუსი 1:1 ლიტვა (3:5 პენალტებში)

მატჩი მე-3 ადგილისთვის - რუსეთი 1:0 ბელგია

ფინალი - უკრაინა 2:0 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სამშობლოში 29 იანვარს დაბრუნდება და მომდევნო კვირაშივე, მინსკის ტურნირს საგანგებო პრესკონფერენციაც მიეძღვნება.

სფფ-ის პრესსამსახური

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა